ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

ცენტრის ისტორია

თანამედროვე მსოფლიო საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს აყენებს იმ სახელმწიფოებისა და ერების წინაშე, რომელთაც ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თვითმყოფადობის შენარჩუნება სურთ. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენი ქვეყნის განვითარების, მდიდარი ტრადიციებისა თუ დღევანდელი პოტენციალის წარმოჩენის ერთადერთი გზა ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარჩვევებით შეიარაღებული მოქალაქეების აღზრდაა.

სწორედ ამიტომ 1999 წელს დღის წესრიგში დადგა არსებული განათლების სისტემის რეფორმირების საკითხი.  2001 წლიდან, მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაიწყო განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის” განხორციელება. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება  შეფასების ახალი სისტემის დანერგვაა, რომელიც ობიექტური და სანდო მეთოდებით მოახდენს სასწავლო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩინებას, უზრუნველყოფს განათლების ხარსხის გაუმჯობესებას.

ამ მიზნით განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში შეიქმნა შეფასების კომპონენტი. შეირჩა ოთხი სპეციალისტი, რომლებმაც ჰოლანდიის შეფასების ცენტრში გაიარეს სპეციალური მომზადება და მონაწილეობა მიიღეს პროგრამის შედგენაში.
შეფასების კომპონენტში თავდაპირველად ორი საგნობრივი ჯგუფი შეიქმნა - ქართულისა და მათემატიკის. მათ დაევალათ საბაზო განათლების დასასრულს სახელმწიფო გამოცდების მომზადება. მოგვიანებით შეიქმნა უცხო ენების  (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ჯგუფი.

ამ ჯგუფების მიერ მოხდა შესაბამისი საგამოცდო ტესტებისა და კითხვარების მომზადება, მათი მრავალჯერადი გამოცდა. 2001 წელს კი  ჩატარდა ფართომასშტაბიანი აპრობაცია (პილოტირება) სამივე საგამოცდო საგანში.

2002 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში პირველად ჩაატარა სახელმწიფო გამოცდები შეფასების ახალი მოდელით.

2003 წელს სახელმწიფო გამოცდები თბილისის ვაკე-საბურთალოსა და თელავის რაიონებში  ცენტრალიზებული წესით, სპეციალურ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდა.

2003-2004 წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა სახელმწიფო შეფასება ქართულ ენასა და მათემატიკაში დაწყებითი კლასებისათვის.

2004 წელს ცენტრის ექსპერტების მიერ მომზადდა მისაღები გამოცდების ახალი, ცენტრალიზებული მოდელი.

2005 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით ჩაატარა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ცენტრის 9 თანამშრომელი.

2005 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმართავს საერთაშორისო კვლევებს, რომელსაც მსოფლიოს საგანმანათლებლო სფეროში კარგად ცნობილი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) უძღვება.

2006 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: `თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის”

2006 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს წიგნიერების საერთაშორისო კვლევას (PIRLS) საქართველოში.

2006 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს ერთიანი სამაგისტრო გამოცდების მომზადებაზე, რომელიც 2009 წელს ცატარდება.

2007 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევას (TIMSS) საქართველოში.

2007 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე.

2008 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს დაწყებითი და საშუალო სკოლების მათემატიკის მომავალი მასწავლებლების განათლების საერთაშორისო კვლევას (TEDS-M) საქართველოში.

2009 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადას მოსწავლეებისათვის.

2010 წელს ცენტრმა დაიწყო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ადმინისტრირება.

2011 წლიდან კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

2013 წელს ცენტრის აქტივობების ჩამონათვალს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებაც დაემატა.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებდა. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ხედავდა, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე ნიშნავდა ან წერდა. გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი, გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოცდის ელექტრონული ფორმატის სრულად დანერგვაა.

14 /03/ 2011
X