ჟურნალი "NAEC.GE" N13

სიახლეების გამოწერა

ზოგადი ინფორმაცია
ერთიანი ეროვნული გამოცდები

2005 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს:
• სტანდარტიზებულ შერჩევას;
• უნარებისა და ცოდნის კომპლექსურ შეფასებას;
• სახელმწიფო გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე;
• ფართო არჩევნის შესაძლებლობას.

2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მითხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა.
სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ვინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისას გამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).

2006 – არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა 3 გამოცდა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. აბიტურიენტთა ნაშრომების შეფასებული ასლები განთავსდა ინტერნეტში – ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვა აპელაციამდე. შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. გადაწყდა, რომ გრანტი, ნაცვლად 3 გამოცდისა, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით გაცემულიყო.

2007 – აბიტურიენტთა განაცხადები განთავსდა ინტერნეტში. საკუთარი განაცხადის გადამოწმება ნებისმიერ აბიტურიენტს ინტერნეტით შეეძლო.

2008 – ზოგადი უნარების ტესტი ითარგმნა აზერბაიჯანულად და სომხურად. წარმატებით დაინერგა კომპიუტერული გასწორების სისტემა (eMarker).

2009 წელი – გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსწორებლები შეირჩნენ კონკურსის წესით.

2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგების საფუძველზე.

2011 წელს აპლიკანტებს საშუალება მიეცათ რეგისტრაცია ელექტრონულად გაევლოთ.

2012 წლიდან კი დარეგისტრირება მხოლოდ ინტერნეტით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.  2012 წელს, ასევე, აბიტურიენტებს შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებს სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხოურ ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.

2013 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ, რომლებზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ასეთმა ცვლილებამ მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა, შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.

2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.

მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, რომლებზეც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. 2013 წლიდან ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგა და შესაძლებელი გახდა 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდა.

2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა. ასევე, უცხოური ენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი და არჩევითი საგნების ნუსხას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.


2015 წელს არჩევითი საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი საგანი სამოქალაქო განათლება დაემატა. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ ზოგადი უნარების, ქიმიისა და მათემატიკის გამოცდები ინგლისურ ენაზეც ჩაებარებინათ.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებდა. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ხედავდა, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე ნიშნავდა ან წერდა. გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი, გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოცდის ელექტრონული ფორმატის სრულად დანერგვაა.

14 /03/ 2011
X